ბათუმის ისტორია( XlV_XlX სს.)



 ბათუმი საქართველოს საზღვაო ჭიშკარი, ერთ-ერთი უძველესი და სტრატეგიული ქალაქია, რომელსაც დაახლოებით ორიათასი წლის ისტორია აქვს და რომლის სახელზეც ფული იჭრებოდა.ქალაქი გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე ჩრდ-აღმ-დან სამხ-დას-კენ 7 კმ-ზე. ღრმა კარგად დაცული ბუნებრივი ნავთსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას.
ბათუმის შესახებ პირველი ცნობები ძვ. წთ-ით მე-4 საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება. იგი შავი ზღვის სანაპიროზე კოლხეთში მდებარე ქალაქს "ბათუსის" სახელით მოიხსენიებს. ისტორიული ბათუსი კოლხეთის სამეფოს უპირველესი ნავსადგური იყო."ბათუსი" ბერძნული სიტყვაა და ღრმას ნიშნავს. ბათუმს შავ ზღვაზე ერთ-ერთი  ყველაზე ღრმა და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს. ძველი ბათუმის ცენტრად თამარის დასახლებაში არსებული, თამარის ციხედ წოდებული ბორცვი ითვლებოდა, რომელიც ყოროლისწყლის ხეობაში ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.
ქრისტეშობიდან მე-2 საუკუნეში, იმპერატორ ადრიანეს დროს, ბათუმში რომაელთა გარნიზონი იდგა.
მე-5 საუკუნეში საქართველოს მეფემ ვახტანგ გორგასალმა იგი თავის სამფლობელოს შეუერთა. მე-6, მე-7, მე-8 საუკუნეებში ბათუმსა და მის მხარეს ეგრისისა და აფხაზეთის მთავრები მართავდნენ. შემდეგ პერიოდში ბათუმის მიწებს გურიელების საგვარეულო ფლობდა. 
1461 წელს ოსმალებმა დაიპყრეს ტრაპიზონის იმპერია, რომლის შემდეგაც მათი ყურადება მიპყრობილი იქნა საქართველოსაკენ. 1547 წელს ოსმალებმა ჯერ გონიოსა და ჭოროხის გადმოღმა ტერიტორიები დაისაკუთრეს, შემდეგ კი ბათუმი მთლიანად დაიმორჩილეს. 1878 წელს რუსეთ-თურქეთს შორის დადებული ზავის შედეგად, თურქეთის მხარემ რუსეთის იმპერიას გადასცა სამუსლიმანო საქართველოს ნაწილი, სადაც ბერლინის ტრაქტატის საფუძველზე, შეიქმნა ბათუმის ოლქი, რომელშიც გაერთიანებული გახლდათ სამი ოკრუგი:- ბათუმის, ართვინისა და აჭარის. ოლქის დედაქალაქად დასახელდა ბათუმი.
1878 წლის 25 აგვისტოს აჭარა ოსმალთა იმპერიის სამასწლიანი ბატონობის შემდეგ, დედასამშობლოს დაუბრუნდა და ამით დაიწყო ახალი ეტაპი ბათუმის ისტორიაში. სანამ ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭებოდა, რომლის საფუძველზედაც უნდა არჩეულიყო სათათბირო და ქალაქის თვითმმართველობის ორგანო, მანამდე ქალაქის მეურნეობის ხელმძღვანელობა დავალებული ჰქონდა საპოლიციო სამმართველოს, რომლესაც თავკაცობდა პოლიცმეისტერი.
1878 წლის 20 ოქტომბერს ბათუმის ოლქის პირველმა გენერალ-გუბერნატორმა კონსტანტინე კომაროვმა ქალაქ ბათუმისა და მისი ოლქისათვის შექმნა "სამოქალაქო" მმართველობის შტატი. ბათუმის ოკრუგის უფროსად დაინიშნა პოლკოვნიკი გრიგოლ გურიელი, მის მოადგილედ კი ამილახვარი, ქალაქ ბათუმის უბნის უფროსად დაინიშნა გაბუნია.
1883 წლის 12 ივნისს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის ოლქი გაუქმდა და იგი შეუერთდა ქუთაისის გუბერნიას. (1883 წლის 12 ივლისიდან 1903 წლის 1 ივლისამდე ბათუმის ოლქი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში) ქალაქის სწრაფმა განვითარებამ ქუთაისის გუბერნატორი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმში შემოეღოთ სამოქალაქო მდგომარეობა. ამ მიზნით 1887 წლის ნოემბერში შეიქმნა კომისია კ.ა. სევერინის თავმჯდომერეობით მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებისათვის. 1888 წლის 25 აპრილს მოვიდა მისი აღმატებულების ბრძანება შემოღებულიყო ბათუმში საქალაქო მდგომარეობა, 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, რის საფუძველზეც,ქალაქის თავის თანამდებობა პირველ ოთხ წელს უნდა ყოფილიყო არა არჩევითი, არამედ დანიშვნითი კავკასიის მთავრობის მიერ.
1888 წლის 25 აგვისტოს და 2 სექტემბერს ჩატარდა ხმოსანთა პირველი არჩევნები. იმავე წლის 1 ოქტომბერს თანამდებობის პირთა არჩევნებისა და ფიცის მიღების შემდეგ ქალაქის საზოგადოებრივმა მმართველობამ დაიწყო მოღვაწეობა და ქალაქის თავად დაინიშნა კ.დ.გავრონსკი. ბათუმის საქალაქო სათათბიროში არჩეული იქნა 36 ხმოსანი.
პირველი თანრიგის; ციმერმანი ა.ფ, კოიანდერი ა.ი, კოვალიოვი ვ.ა, მელქონიანცი ო.გ, პასსეკი ნ.ბ, სევერინი კ.ა, ერგარდტი ე.ფ, ზროდლოვსკი ს.ი, ვანშტეიდი ა.ი, მამულოვი ი.ა, რელიგიონი ფ.ა, ცეიტლინი მ.გ.
მეორე თანრიგის: ბიკოვი დ.ი, ტიხუმოვი მ.ნ, ყარა-არა-ზადე-ჰუსეინ-ეფენდი, ბოიანი ი.ს, ალავერდოვი ა.რ, მჭედლოვი ლ.ლ, კესის-ოღლი მ, კოხჩოევი ი.ი, სტეპნოვი გ.ა, ტერ-ასატუროვი ნ.ბ, ცატუროვი ა.ა, ეფრემიდი ნ.პ.
მესამე თანრიგის: აბაშიძე-სანჯაყ-ბეგ-ზადე-იბრაგიმ-ბეგი, ოგანეზოვი ს.ა, ხარაზოვი დ.ფ, საბაშვილი ს.ს, როსტომ-აღა-ზადე-სულეიმან-აღა, ვარშავსკი ი.მ, აბაშიძე სანჯაყ-ბეგ-ზადე-ჰუსეინ-ბეგი, მასუმოვი გ.დ, შადინოვი ი.ს, მჭედლოვი გ.ლ, კოჩეტკოვი გ.ე,დავითაია პ.ზ.
პირველი ოთხწლეულის ქალაქის თვითმმართველობა შედგებოდა შემდეგი თანამდებობის პირებისაგან: მთავარმმართებლის მიერ დანიშნული ქალაქის თავი გავრონსკი და თვითმმართველობის სამი წევრი: ქალაქის თავის მოადგილედ დ.ი, ბიკოვი, ა.ი,კოიანდერი და ი.ს, შადინოვი.ქალაქის მდივნად დაინიშნა ი.ს, მესხი ბუგჰალტრად დაინიშნა ს.ს, ტარუმოვი, საქმეთა მმართველად მ.ა,ჩხარტიშვილი, მოლარედ გ.გ, გუდზი და სანაპიროს ზედამხედველად ს.პ, ვერნიგორი. ამით დასრულდა ქალაქის საზოგადოებრივი თვითმმართველობის სრული ორგანიზაცია.

No comments:

Post a Comment